საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
მეზვრიშვილმა მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ ეს არ იქნება და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება. მისი თქმით, სასამართლოში ისაუბრა როგორ იყო კომისიები დაკომპლექტებული „ოცნების პარტაქტივით და ეს ადამიანები როგორ ხუჭავდნენ თვალს იმ დარღვევებზე და არა მხოლოდ თვალს ხუჭავდნენ, უშუალოდ თვითონ იყვნენ ამ გაყალბების მასშტაბური სქემის მონაწილეები“, ისაუბრა იმ პირებზე, რომლებიც სავარაუდოდ ზეწოლას ახორციელებდნენ საჯარო მოხელეებზე და პარტიის მისამართით ძალადობაზე, ასევე წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უშუალოდ 26 ოქტომბერს მოიპოვეს.
„ეს არის ვიწრო გამოძიება, ძალიან ვიწრო მუხლით, ეს ადამიანები ახლა ეცდებიან მაქსიმალურად, ნუ ასეთი მოლოდინიც მქონდა, ჩავიდნენ ვიწრო დეტალებში, რისი თქმა მინდა ნახეთ – მარტო გამოიკვლიონ მაგალითად ბიულეტენში რაღაც იყო თუ არა გაყალბებული, ინდივიდუალური ფაქტები და საქმეები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან, მთლიან სურათს. ეს არ იქნება და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში გამოძიებამ დაადგინოს, რომ იცით რა თქვენ ყველას ყველაფერი მოგეჩვენათ, თქვენ არაფერი წარმოგიდგენიათ, არანაირი მტკიცებულება არავის არ აქვს, ლაპარაკობენ ჰაერზე და ეს არჩევნები არ გაყალბებულა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების თვით ლეგიტიმაცია მოახდინოს ივანიშვილმა“,- თქვა მეზვრიშვილმა.
დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამავე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ლონდა თოლორაია.მისი თქმით, მან მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.