მეზვრიშვილი: ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად სასამართლოს მივმართეთ

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ დღეს, 11 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიისა და კახა ბექაურის „უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“, სასამართლოს მიმართეს.

პარტია ამბობს, რომ კომისია მაუწყებლებს არ აძლევს მათი რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც რეკლამა ეთერში გაუშვა, სამართალდამრღვევად ცნეს.

„გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდებს სასამართლოს, ვინაიდან არჩევნებამდე რჩება 2 კვირა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება.

„კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. დღეს ჩვენმა გუნდმა – პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, კომისიისა და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ოფიციალურად მიმართა სასამართლოს. კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მეზვრიშვილის თქმით, „იმედს“ პარტია დაბლოკილი ჰყავს. მან მოუწოდა „ოცნებას“ და „იმედს“, გახსნან ეთერები და დასხდნენ დებატებში „როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად“.