პარტია „გახარია-საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათი ინფორმაციით, „მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა“.
ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
პარტია ცესკოსგან მოითხოვს, გადაეცეს როგორც ელექტრონული საარჩევნო აპარატების კომპანია „სმარტმატკითან” გაფორმებული კონტრაქტი, ისე – გაიხსნას ბაზები, რათა ამომრჩევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სად და როდის მისცა ხმა.
ცესკო პარტიის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
„ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას – ცესკოს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.