„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მივა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. მეზვრიშვილი მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს.
მანამდე ის გამოკითხვაზე პროკურატურამ დაიბარა, თუმცა მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში მისვლას.
„ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით“, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ასევე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” სპიკერი, ლონდა თოლორაია. „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მზადაა მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს და მტკიცებულებები მიიტანოს.