მეზვრიშვილი მათი პარტიის მხარდამჭერების დევნის, დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

პუბლიკა

„გვსურს საზოგადოებას საარჩევნო კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მორიგი დანაშაულების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. ხელისუფლება პრაქტიკულად იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას 2011-12 წლებში. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს გააკეთოს შეფარული მეთოდებით და სახე ამგვარად შეინარჩუნოს, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია დაფარული ვერ დარჩება“, – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც მედიასა და საზოგადოებას პარტიის მხარდამჭერების დევნის, დაშინების, ზეწოლისა და მათ მიმართ სახელმწიფო უწყებებისა და ძალოვნების მხრიდან განხორციელებული უკანონო მოქმედებების კონკრეტული მაგალითები წარუდგინა.

„პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გია სოლომნიშვილს, რომელიც გურჯაანის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ აიპში მუშაობს შემდუღებლად – დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ შეწყვეტდა პარტიის მხარდაჭერას და პარტიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. პარტიის აქტიური მხარდამჭერის, ყვარლის მერიის მთავარი სპეციალისტის, ლევან ხუციშვილის მიმართ აქტიურად იყენებენ პოლიციას, რომელიც ფაქტობრივად ეუბნება მხარდამჭერს, რომ პრობლემებს შეუქმნის მას.

პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედის და დეიდის მიმართ განახორციელეს მუქარა-ზეწოლა. კერძოდ, გუბერნატორმა დაიბარა ეს ადამიანები და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა პარტიის მიმართ ლევანის აქტიური მხარდაჭერის გამო  და უარის შემდეგ დაემუქრნენ რეორგანიზაციით გაშვებით. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაწერონ განცხადებები და არ დატოვონ პოზიციები – ჩვენ ჩვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა ერთ-ერთი შემთხვევა – მაჟორიტარობის კანდიდატს მერი დაემუქრა ბიზნესზე ზეწოლით და პარტიულ საქმიანობაზე უარის ართქმის შემთხვევაში პრაქტიკულად პირდაპირ უთხრეს, რომ აკაკი ბართაიას ბედს გაიზიარებდა.

კახეთის რეგიონში დაფიქსირდა ბიზნესზე ზეწოლის არაერთი შემთხვევა. ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადამიანებს დაემუქრნენ ჩვენს პარტიაში გადმოსვლის შემთხვევაში ბიზნესისთვის პრობლემების შექმნით. თითოეულ ამ ქეისზე დღეს ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.