გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება” ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა”.
მეზვრიშვილის თქმით, ეს ამნისტიის კანონმაც დაადასტურა, რომელსაც მმართველი პარტია მსვლელობას დღეს, 15 ივლისს მისცემს.
მისი განცხადებით:
„გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.
მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით – არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა „დევნაზე“ და განცხადებები შსს-ში გადააგზავნა“.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის” მოითხოვს, ამნისტია არ შეეხოს ზონდერ ჯგუფებს.
მისივე თქმით, პარტია პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ამ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი!
„რჩება ჩვენი მოთხოვნა დანაშაულის განმეორების სანდო კვლევის წარმოაგდნის და ამნისტიის სამართლიანობის სხვა წინაპირობების დაკმაყოფილების შესახებ”. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.