გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ სენაკის სოფელ ნოქალაქევში მათი პარტიის წარმომადგენელი, შორენა შამათავა მმართველი პარტიის სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, შორენა შამათავა ნოქალაქევის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ამ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, „ახლა კი გრძელდება ზეწოლა, რათა მან რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს”.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ შამათავაზე ზეწოლა პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას ცოლმა, ნანა ჯგერენაიამ განახორციელა, რომელიც, მისივე თქმით, ახლა ნოქალაქევის სკოლის დირექტორია.
„ამ ადამიანზე დღეს განხორციელდა ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან, რომელი სკოლის დირექტორიც გახლავთ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე.
შორენა შამათავას, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ დირექტორს, რომელიც ახლა მასწავლებლად მუშაობს სკოლაში, „ოცნება“ დღეს თავს დაესხა ახლა უკვე მასწავლებლობიდან გაგდების მიზნით და სტაციონარშია გადაყვანილი.
ადამიანი, რომელიც ათეულობით წელი ემსახურებოდა სკოლას და უამრავი თაობა აღზარდა, სკოლიდან აგვისტოს ბოლოს მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, რომ ეს ადამიანი ნახეს გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი რაიონში, მის ადგილზე კი დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის – ირაკლი გვასალიას მეუღლე – ნანა ჯგერენაია.
სკოლა რეალურად სრულად დაკომპლექტებულია უკვე „ოცნების“ პარტიული აქტივით და მიმდინარეობს გამუდმებით შევიწროება, შორენას პერიოდულად უთვლიან, რომ დატოვოს რიგითი მასწავლებლის პოზიციაც იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ძალიან ღირსეული წარმომადგენელი”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, პარტია აპირებს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.
მისივე თქმით, მსგავს საარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ეკისრებათ.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამდენიმე სკოლის დირექტორი კიდევ გაათავისუფლეს რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან და ჩვენი საარჩევნო კამპანიისას მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან აქტიური თვალთვალი.
ის, რასაც ხელისუფლება ამბობს არის სრული სიცრუე, რეალობა არის რადიკალურად განსხვავებული, წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი, არასამართლიანი და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.