მეზვრიშვილი: პროკურატურა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებაზე გამოძიებას არ დაიწყებს

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით გამოძიებას არ დაიწყებს.

საგამოძიებო უწყებაში ნათია მეზვრიშვილი თავისივე შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიბარეს. პოლიტიკოსის განცხადებით, 30 ივლისს და 7 აგვისტოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, ვინაიდან „პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა)”.

უწყებს დატოვების შემდეგ მეზვრიშვილმა თქვა, რომ დარჩა განცდა, რომ „პროკურატურაში გასაუბრება ემსახურებოდა მასთან საერთო ენის გამონახვას და პარლამენტის თავმჯდომარის გამართლებას”.

მისივე განცხადებით, უწყებაში „გამოძიების დაწყებამდე გასაუბრებისთვის” დაიბარეს, რასაც, რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა მიეღო უკანონო პროცედურაში მონაწილეობის გზით. თუმცა, მისამართი შეეშალათ. 14 წელი ვმუშაობდი ამ უწყებაში. განცხადებაში, რომელიც შეიცავს „ოცნების” ზონდერ აქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას, თავისი ფოტოებით; რომელიც შეიცავს პარლამენტის წევრების აღიარებებს, ამაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. ყოველი შემდგომი ძალადობა იქნება არა მხოლოდ პაპუაშვილის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობა”. – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ეხებოდა შემდეგს:

„პაპუაშვილს აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს:

1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;

2. ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე ფბ გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით 1 საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;

3. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;

4. 5 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს”. – განაცხადა მეზვრიშვილმა 11 აგვისტოს ბრიფინგზე.