მეზვრიშვილის თქმით, პაპუაშვილზე შეტანილი განცხადების თაობაზე პროკურატურაში დაიბარეს

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადების თაობაზე უწყებაში დაიბარეს.

მეზვრიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა:

„ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს”.

ნათია მეზვიშვილმა 11 აგვისტოს ბრიფინგზე თქვა, რომ 30 ივლისს და 7 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას.

„თითოეულ განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებები. პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (მეტიც, უკვე რეალიზებული ძალადობა)”. – თქვა მან.

მეზვრიშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი საუბრობს არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით, გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში.

ხოლო მის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება ეხება შემდეგს:

„პაპუაშვილს აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს:

1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;

2. ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე ფბ გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით 1 საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;

3. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;

4. 5 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს”. – განაცხადა მეზვრიშვილმა 11 აგვისტოს ბრიფინგზე.

ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, „დაიბარონ შალვა პაპუაშვილი გამოკითხვაზე და გაარკვიონ, რა როლი აქვს მას ზონდერების დაცვის ამნისტიის ტექსტის შემუშავებაში”.