მღებრიშვილი: „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებული არავინაა

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, დაშავებული არავინ არაა.

ბაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი შუადღეს გაჩნდა.

„ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრი როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. პირველი ეკიპაჟი ოთხ წუთში მივიდა ხანძრის კერაზე, რამაც მოგვცა საშუალება, ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – თქვა თემურ მღებრიშვილმა.