მღვდელმთავრების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრაიდის ჩატარება ეკლესიის გადასაწყვეტი არ არის

პუბლიკა

მღვდელმთავრების ნაწილი აცხადებს, რომ პრაიდის ჩატარების საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია და არა ეკლესიის.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი „თბილისი პრაიდის“ შესახებ აცხადებს, რომ ეკლესია სახელმწიფოს ფუნქციებს საკუთარ თავზე ვერ აიღებს და პრაიდის ჩატარების საკითხიც სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

„დღევანდელი პრობლემა რა არის, თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? არის რაღაც ნაკლებად და მეტად მიუღებელი. ის, რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ ეკლესიის სახელით ხდება ადამინების მიმართ ძალადობა, რაც მიუღებელია. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქე.

„ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისათვის სათნო და რა არ არის“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ის არანაირ ცოდვას არ გაამართლებს, მაგრამ „ყოველთვის ექნება სიყვარულით დამოკიდებულება ცოდვილი ადამიანების მიმართ“.