„მგონი ავადაა" - „ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ტავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არსად ჩასვლის პრობლემა არ აქვს, მაგრამ – „მგონი ავად არის”.

როგორც უკვე ცნობილი, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფდანჩუკმა რუსების მიერ განადგურებულ ქალაქ ბუჩაში მიიწვია სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეები.

„საქართველოს პარლამენტს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის მიწვევა ოფიციალურად არ მიუღია”. – ამის შესახებ „პუბლიკას“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

თუმცა, უკრაინის საელჩოში ბრიფინგზე დღეს, 8 აპრილს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერები, მათ შორის, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია.

რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გუშინ, 7 აპრილს განაცხადა, რომ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვები ევროკავშირის პარლამენტებსა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს, რომ მოინახულონ უკრანის გათავისუფლებული ქალაქები, განსაკუთრებით ბუჩა და ირპინი. Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე სტეფანჩუკმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მონიშნა.