„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ დადგა დრო, ბიძინა ივანიშვილმა თავად უპასუხოს მის გარშემო გაჩენილ ამდენ შეკითხვას.
„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფაქტობრივად კომენტარს არ აკეთებს, არ ასვენებენ. წელიწად-ნახევრის წინ დატოვა პოლიტიკა, ხელისუფლება, რომელიც მუდმივად პროცესშია და არაერთხელ ავხსენი, შეუძლებელია, ვინმე ისე მართავდეს არაფორმალურად. წარმოუდგენელია, ფაქტების გარეშე დაადანაშაულო ადამიანი, რომ არაფორმალური მმართველია.
ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ქვეყანასაც უფრთხილდება, ამ პროცესსაც და არ ერევა ამ საკითხში, თუმცა ეს კვანძები, რაზეც ვსაუბრობ, 6-თვიანი ვადა, კელი დეგნანის პოზიცია, რიგი საკითხები, რევოლუციური სცენარი, ბანკის თემა, „კრედიტ სუისის“ თემა, რომელიც განმაცვიფრებელი დამოკიდებულებაა ბანკის მხრიდან კლიენტთან მიმართებით, ალბათ, უკვე დადგა დრო, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩნდება ეს ადამიანი, ალბათ უკვე საჭიროა ვკითხოთ, არ არის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილსაც დავუსვათ კითხვები, რა ხდება ამ პროცესში.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ სახელით და გვარით მოუწოდებენ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უშლი ხელს ევროკავშირში შესვლას, შენ უნდა დატოვო ქვეყანა და ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს. მე თვითონ გამიჩნდა კითხვა, მგონი, დროა, ამ ადამიანმაც გასცეს კითხვებს პასუხი.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ხომ არ იყო კომუნიკაცია ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ მის მიმართ. დროა, ეს კითხვები ამ ადამიანსაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, მიმდინარეობს ზეწოლა ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.