მგზავრებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია, ისე მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს - კალაძე

პუბლიკა

„მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს. ნუ ჩავაყენებთ სხვა მგზავრებსაც უხერხულ მდგომარეობაში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება როგორც მეტროსა და ავტობუსში, ასევე მიკროავტობუსით მგზავრობისას.

კალაძის თქმით, ავტობუსების წინა კარი არ გაიღება და მძღოლთან მიახლოებაც იქნება შეზღუდული. პატარა ზომის ავტობუსებში კი იმოქმედებს მხოლოდ უკანა კარი.

პირბადეებთან  დაკავშირებით შესაბამისი ცვლილება შევიდა უკვე „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილებისას ყველა პირი (მათ შორის, მძღოლი) აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით.