ვესაუბრეთ დონორ ორგანიზაციებს, განაცხადეს მზადყოფნა კერძო და საფინანსო სექტორს მილიარდ-ნახევარი დოლარით დაეხმარონ - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის შეთანხმების თაობაზე, რაც, პრემიერის განმარტებით, ნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ქვეყნისთვის 447 მლნ დოლარით დახმარებას წლის ბოლომდე.

გახარიამ განაცხდა, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო დონორების მხრიდან საქართველო 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს მიიღებს. მისივე თქმით, იგივე დონორი ორგანიზაციები მზად არიან, იმავე ოდენობის თანხით კერძო და საფინანსო სექტორს დაეხმარონ.

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათთან ერთად, მათი თხოვნით და მათი მხარდაჭერის მიზნით, იმავე სახის მოლაპარაკებები გვქონდა იმავე დონორ ორგანიზაციებთან. მათ განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო სექტორისა და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის ათვისება.

ეს იყო მძიმე სამკვირიანი მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩვენ გამოვიყენეთ ყველა მისაღები და ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ არაერთგაროვანი ხერხები და მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ეს არის ის კრიზისული დახმარების ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე,” – აღნიშნა პრემიერმა

გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართავენ.

ასევე, დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 აპრილიდან, 21:00-დან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. აკრძალვა 10 დღე გაგრძელდება.