მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს - ანა ფოტიგა

პუბლიკა

„მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. დებატები „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ შედეგში წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა შეიტანა. მათგან ყველაზე გამორჩეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა ციხეში ზის“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ფოტიგამ ისაუბრა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დებატების ერთ-ერთი სუბიექტია.

„მათ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მოგვმართეს, რომ მიუხედავად მათი კრიტიკისა, ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის და გვთხოვეს, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომ არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოურ ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით“, – აღნიშნა ფოტიგამ.