მიანიჭეთ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთვის მინიჭებაზე კი იმუშავეთ - ევროპარლამენტი

პუბლიკა

„ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას… და იმუშავეთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფების აღსასრულებლად“, – ევროპარლამენტმა გაავრცელა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების ერთობლივი განცხადება, რომელიც მიემართება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსა და მეთაურებს, რომლებმაც 23-24 ივნისს უკრაინის, მოლოდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დასაწყისი დამსახურებული პროცესისა და იმუშავეთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფების აღსასრულებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და ჰქონდეს ხედვა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი, აგრესიული ომი მიმდინარეობს.

მათი თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს იმ სოლიდარობის გამოხატვით მათთან, ვინც მხარს უჭერს იმავე იდეალებს.

პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეებს სურთ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინები არ უნდა იყოს დავიწყებული“, – წერია გავრცელებულ გაცხადებაში.