მიანმარში სამხედრო ვერტმფრენებიდან სკოლას გაუხსნეს ცეცხლი, დაიღუპა 13 ადამიანი

პუბლიკა

მიანმარის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში სამთავრობო ძალების ვერტმფრენებიდან სოფელსა და სკოლას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია. როგორც The Guardian წერს, ეს ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულებული თავდასხმაა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო ხელში.

ტაბაინიში, ლეტ იეტ კონეს სოფელში მდებარე სკოლის ადმინისტრატორი ჰყვება, რომ ორმა Mi-35 ტიპის ვერტმფრენმა მათ მოულოდნელად გაუხსნა ცეცხლი. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ტყვიამფრქვევებთან ერთად უფრო მძიმე იარაღიც გამოიყენეს.

სკოლის ადმინისტრატორის თქმით, დაღუპულებს შორის 6 ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ერთი მოზარდი და 6 ზრდასრული მოქალაქე კი სკოლის გარეთ ემსხვერპლა ვერტმფრენების  იერიშს. თავდასხმის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიჭრა.

სკოლა, რომელსაც სამთავრობო ძალები დაესხნენ თავს, ბუდისტურ სამონასტრო კომპლექსში მდებარეობს. იქ 240 ბავშვი, მათ შორის, საბავშვო ბაღის ასაკის მოსწავლეები ჰყავთ.

სკოლის ადმინისტრატორი ამბობს, რომ ვერტმფრენებმა თავდაპირველად ახლომდებარე სოფელს გადაუფრინეს ისე, რომ ცეცხლი არ გაუხსნიათ, ამიტომ კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, როცა სკოლაზე მიიტანეს იერიში.

„მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უდანაშაულო მოსწავლეებს ტყვიამფრქვევებიდან გაუხსნიდნენ ცეცხლს“, – ამბობს ადმინისტრატორი.

მისი თქმით, სკოლასა და მის მახლობლად მდებარე დასახლებას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ესროდნენ, შემდეგ კი იქ 80-მდე ჯარისკაცი მივიდა. სამთავრობო ძალებმა დაღუპულთა ცხედრები, ასევე 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 9 დაშავებული მოსწავლე და 3 მასწავლებელი ტყვედ წაიყვანეს.

დატყვევებულთაგან ორს სამთავრობო ძალებმა ბრალი დასდეს სამხედრო მოძრაობის – „ხალთა დაცვის ძალების“ წევრობაში, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება.