მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემასთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია იმ ფონზე, როცა მოსკოვის მიმართ კრიტიკული კომენტარები არ კეთდება.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებიც წაიკითხა, რომლებიც მათ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთეს.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რაც გაგრძელებაა დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენ მიმართ და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, რასაც იმ დონეზე არ ვაფასებთ, რა დონეზეც დასაფასებელია. 6 თვე გვაქვს მოცემული, ავტომატურად ასე იქნა ნათქვამი, თუ შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის იმ კომიტეტის დელეგაცია, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს.

ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი სანამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა კანდიდატის სტატუსი, ამ დროს არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, 12 პუქნტი და ჯერ არ ჩანს, რომ ამისთვის ყველა ძალა მზადაა, ამავე დროს არათუ არ ვაკეთებთ ამას, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ.

დაწყებული შარლ მიშელის „გადაგდებით“, დოკუმენტის ანულირებით, ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ბოლო 1 წლის განმავლობაში. კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად, იყო მთელი რიგი ნაბიჯების, იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები – სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, შემდეგ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევი წესით, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება  ევროკავშირის მხრიდან.

ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად ხან თავდასხმები ევროპარლამენტარებზე…

ეს არ არის თავდასხმა? წაგიკითხავთ: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ – ეს არ არის თავდასხმა? კობახიძე 20 მაისს.

ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან, ეს კრიტიკაა?

მდინარაძე 9 ივნისი: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არადროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო.

გაუთავებლად და ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათა ღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე ბრალდებების შესახენ, თითქოს ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა სურს,სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მან არ იცის, როდის მოისმინეს ხელისუფლების წარმომადგენლება ევროკავშირისგან ეს, რადგან ისინი არ დადიან ევროპარლამენტში ან ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებში.

„თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს მაღალ დონეზე, ეს მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგონია არც ერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულად მოგონილი და საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – განაცხადა მან.