მიეცეს მსჯავრდებულს უფლება, გაასაჩივროს განაჩენი, თუ პროცესს არ ესწრებოდა - სამადაშვილის ინიციატივა

პუბლიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე პარლამენტმა უნდა მოძებნოს გამოსავალი, რათა მას მიეცეს საშუალება, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. სამადაშვილმა კოლეგებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისკენ მოუწოდა.

„განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ: ერთი – მიეცეს მსჯავრდებულს უფლება, გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე – ასევე, განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, რომ ეს პირი ახალი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდეს, უფრო სწორად გადავადდეს მსჯავრის მოხდის პროცესი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა მისი თანამონაწილეობის გარეშე, ევროპული კონვენცია კი ითვალისწინებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, დაესწროს სასამართლო პროცესს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რადგან უგულებელყოფა ამ ვითარების არანაირი გამოსავალი არ არის და ასევე, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეეხება ყოფილი მაღალი პოლიტიკური პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას, რადგან მოგწონთ თუ არა, გჯერათ თუ არა, ძალიან მალე შეიცვლება ხელისუფლება ამ ქვეყანაში და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით (მმართველ გუნდს მივმართავ) და არავის არ ვუსურვებდი მურუსიძის სასამართლოს ხელში მოხვედრას“, – განაცხადა სამადაშვილმა.