დანიგანი: შეშფოთებული ვართ, კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს

პუბლიკა

ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი „ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონზე ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან, რომ „კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე გვაწუხებს, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი საქმე, დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად“.

მისი თქმით, იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს და „როდესაც ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის?”.

„ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, ევროკავშირმა, ნატომ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერომ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის?

მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – ამბობს დანიგანი.

ელჩმა, ასევე, ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს, მან თქვა, რომ წლების განმავლობაში მისმა ქვეყანამ 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, რადგან „მეგობრებს სურთ, რომ თავიანთი მეგობრები იყვნენ უფრო ძლიერი“ და აშშ სწორედ ამას აკეთებს.

მისი თქმით, დახმარება მოხმარდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესებას, სასაზღვრო დაცვას, საავადმყოფოებისა და სკოლების რემონტს, ექიმებისა და მასწავლებლების ტრენინგებს, შეიქმნა ცენტრები სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მცირე ბიზნესის დახმარებას, პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ათასობით ქართველის გაცვლით პროგრამით აშშ-ში წასვლას.

„აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდ დოლარის დახმარება. რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია.

„ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე- მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება.

ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.