პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა საზოგადოებას გააცნო მტკიცებულებები, რომლებმაც, მისი თქმით, ცხადყო, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეოჩანაწერი, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობის შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით „facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის შედეგად დადგინდა როგორც ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.

პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მოთხოვნით, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებაც.

გამოძიების მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებული იყო თავის უფროსზე, რომელსაც ვებგვერდ „momavali.me“-დან სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

გამოძიების მტკიცებით, ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი თავის თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს.

მისი თქმით, ბაჩალიაშვილი სოციალურ ქსელშიც წერდა, რომ აწუხებდა სუიციდური აზრები, აწყობდა გეგმებს და არჩევდა განსახორციელებელ გზებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემით ეძებდა თვითმკვლელობის მეთოდებს, გზებსა და მედიკამენტებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოიღეს ერთ-ერთი იმ მედიკამენტის ცარიელი ფირფიტა, რომელიც მან ინტერნეტში იპოვა.

გარდა ამისა, პროკურორის თქმით, გამოძიებამ შეისწავლა, როგორ შეიძინა ორ აფთიაქში ბაჩალიაშვილმა დიდი დოზით სხვადასხვა მედიკამენტი.

„სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me“-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით – „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ თავის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე თამარ ბაჩალიაშვილმა თავის ელექტრონულ ფოსტაზე თავის თავს გაუგზავნა წერილი შეკითხვით – „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.

იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა – „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას – „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას – „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“, – განაცხადა პროკურორმა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ სრულად აღადგინა 18 ივლისს ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, რომლის უტყუარობა დასტურდება „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის ფუნქციით ასახული მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით.

„გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი „Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე – მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევნის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს“, – განაცხადეს უწყებაში.

პროკურორის თქმით, გუგლის ანგარიშზე შენახული გადაადგილების თაიმლაინი 112-ის და სხვადასხვა ობიექტებიდან მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებთან შესაბამისობაშია.

პროკურატურაში ისაუბრეს იმ გარემოებებზეც, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და ცხედარი აღმოაჩინეს.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, 22 ივლისს ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში, ავტომანქანის ოთხივე კარი – ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე.

როგორც გულუაშვილი ამბობს, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მანქანა გადაადგილდებოდა მძღოლის მიერ ექსპლუატაციის პირობებში და გამორიცხულია გათრევა, ძალით გადაადგილება.

პროკურატურა ამბობს, რომ დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.

გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში მარტო იჯდა.

„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.

გამოძიების მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა ორალური გზით (გადაყლაპვით), ტაბლეტების სახით მიიღო მის მიერ შეძენილი პრეპარატების ნაწილი, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე.

ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ.

თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი“, – აცხადებს პროკურატურა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.