მიღებულია კონკრეტული ზომები მათი პირობების გასაუმჯობესებლად - სააგენტო გერმანიაში დასაქმებულებზე

პუბლიკა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. მათივე ცნობით, ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ იზიარებენ იმ წუხილს, რომელიც აქვს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასული მოქალაქეების ერთ ჯგუფს იქ არსებულ მძიმე სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე ცალკეული საკითხები, რომლებიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

„გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მიერ სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით, რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

დღეის მდგომარეობით, ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც, ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი“,- აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ რომ, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო კონტრაქტიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა საქართველოდან ჩასულ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება და იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობას არ დაიცავს, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 14-მდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმდა და შესაბამისად დასაქმების ადგილას, ანუ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაემგზავრა დამატებით სამი ჯგუფი (სულ 4 ჯგუფი, 54 პირის შემადგენლობით).

მათივე ცნობით, გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილია 27 ვაკანსია, 632 ვაკანტური სამუშაო ადგილით, რომელზე დასაქმებისთვისაც ქართული მხარის მიერ გაგზავნილია დაახლოებით 730 განაცხადი და ელოდებიან დასტურს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი უწყების მხრიდან. შეთანხმების მოქმედების ვადები არ არის შეზღუდული დროში და გაგრძელდება არა მხოლოდ 2021, არამედ შემდეგ წლებშიც.