მიღწეული შედეგი ცალსახად მისასალმებელია – NGO-ები საარჩევნო სისტემაზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შედეგად მიღწეული შედეგი არ წარმოადგენს სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას წარმოადგენდა, თუმცა შედეგი ერთმნიშვნელოვნად  მისასალმებელია.

„საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვერსიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 მანდატი გადანაწილდება პროპორციული სისტემით, 1% ბარიერის პირობებში, ხოლო 30 მანდატი მაჟორიტარული სისტემით. ამასთან, მიუხედავად მოპოვებული მაჟორიტარული მანდატებისა, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, თუ არ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას პროპორციულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს სრულად პროპორციულ სისტემას, რაც სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივ მოთხოვნას წარმოადგენდა, მიღწეული შეთანხმება ცალსახად მისასალმებელია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული შედეგის დადგომას, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა“ , – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, საარჩევნო სისტემის ამ სახით გაუმჯობესება, მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მშვიდობიანი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად და იმედოვნებენ, რომ შეთანხმებული მოდელი კანონმდებლობაში მაქსიმალურად მოკლე ვადებში აისახება.

„ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი, პარლამეტში წარმოდგენილი პარტიები  გონივრულ ზომებს მიიღებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ შეთანხმებული მოდელის კანონმდებლობაში ასახვისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადებში“, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები  სამართლიანად განისაზღვროს და აუცილებელია უახლოესს პერიოდში გაირკვეს საკითხი საარჩევნო ბლოკების შესახებ, რადგან შეთანხმებაში ამაზე საუბარია არ არის.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ საარჩევნო სისტემაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, ხელისუფლება უმოკლეს ვადებში განაახლებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობას საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რაც საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო შეჩერებული იყო“.

ორგანიზაციები მადლობას უხდის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

გუშინ, 8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარებაზე. ამასთან, ბარიერი 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი იქნება.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI);  ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)