„ჩვენ შევიმუშავეთ გააზრებული, თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ – პირიქით, გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
კალაძის თქმით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო საიმისოდ, რომ თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულად მოწესრიგდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილნი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებშიც ყველაფერი გაკეთდება დედაქალაქში ყველა პროექტის ღირსეულად და ზედმიწევნით შესასრულებლად.
ანგარიშის წარდგენისას ქალაქის მერმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთ შეკითხვაზე – ხომ არ ნიშნავს მოქალაქეებისთვის ანგარიშის ჩაბარება და საქმიანობის შეჯამება იმას, რომ კალაძე ოფიციალურად იწყებს საარჩევნო კამპანიას, მერი პასუხობს, რომ „როცა ამის დრო მოვა, აუცილებლად გეტყვით“. კალაძის თქმით, ანგარიშის ჩაბარება აუცილებელია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მას 4-წლიანი მერობის მანდატი მისცეს.
კალაძის განცხადების წერილობით ვერსიას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.