ნებისმიერი კანდიდატურა უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი.

„ჩვენი პოზიცია არის ძალიან კონკრეტული, ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით. არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაყენოთ ევროპულ კურსზე“, – თქვა ხაზარაძემ.

მისი თქმით, არჩევნების შედეგად ყველა დანარჩენი საკითხი განიხილება, ქარტიის ფარგლებში.

კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას არცერთ კანდიდატზე  არ ყოფილა განხილვა.

როგორც ანა დოლიძე ამბობს, არჩევნების შემდეგ მთავრობას შეარჩევს არა რომელიმე პოლიტიკოსი კაბინეტში „მათ შორის არც ჩვენ, არამედ ამომრჩეველი, ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებთან“.

„უპირველესი არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომელიც დღეს არ გვაქვს, იმიტომ რომ ერთი კაცი თავის სასახლეში არჩევს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ არა და ვინ უნდა იყოს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჩვენთვის მთავარი არის ამ პრინციპის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ერთი ადამიანი, გამოკეტილი თავის სასახლეში, ალაგებს ასე თანამდებობებს“, – თქვა დოლიძემ.

პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი 7 ოქტომბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს შეხვდა. მედიასთან კომენტარში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. კოალიციის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა დროული, სწორი და რაციონალურია.