საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქთან შეხვედრის თხოვნა იყო პირადი ხასიათის და ეს არ ყოფილა მოთხოვნა. პრეზიდენტის განცხადებით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, როდესაც საპატრიარქოს პრესსპიკერი საჯარო კომენტარს აკეთებს.
„პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
საპატრიარქოს პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან იყო თხოვნა პატრიარქთან დღეს შეხვედრაზე, რომელიც ვერ მოხერხდა, რის მიზეზსაც არ ასახელებს ჯაღმაიძის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„ალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – აცხადებს ჯაღმაიძე.