მიხაილ გალერი: საქართველოს პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია

პუბლიკა

„სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა გამორჩეული სიტყვით გამოსვლა, ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასთან, ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ევროპარლამენტარის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს ორი ცნობილი საქმე, ბატონი სააკაშვილის და ბატონი გვარამიასი. მან მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია. ცხადია, ევროპარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ შეიძლება, გამოაცხადო. ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ორივე მათგანი შეეწყალებინათ. გვარამია იმ მიზეზით, რომ არაფერშია ბრალეული და სააკაშვილი, სულ მცირე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი შესაძლებლობაც ზურაბიშვილს აქვს.

ერთია, რას ამბობს სასამართლო და მეორე, პრეზიდენტის დისკრეცია, როდესაც ის შესაბამისად იყენებს მას, ეს ასევე ეხმარება საქართველოს წინსვლაში. ვფიქრობ, მან შეიძლება, აზრი შეიცვალოს. მე საქართველოში ვიყავი, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა და ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტს, თუმცა, მაშინ ძალიან მკაცრი იყო და ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც ურჩევდა სააკაშვილს, არ დაბრუნებულიყო. თუმცა, დრო გავიდა. ახლა ჯერი საქართველოზეა, თავის მხრივ, მკაფიო სიგნალი მისცეს, საით მიემართება და ასევე, ევროკავშირს საპასუხოდ მიეცეს შანსი, გასცეს ეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან საჭიროა“, – აღნიშნა მიხაილ გალერმა.


„ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი დრო და თავისი ადგილი, მე არ დავზოგავ თავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ის სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო შეწყალების დისკრეციულ უფლებამოსილებას და აღნიშნა, რომ ის უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი მხრივ და ჩემი კონსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში ვდგამდი ყველა ნაბიჯსა და ვაყენებდი ინიციატივას…

…მათ შორის, სამი ოპოზიციონერი ფიგურის შეწყალებითა და შეთანხმების მიღწევისთვის პირობების შექმნით. ეს გადაწყვეტილებები პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში მძიმე პოლიტიკური ფასი დაჯდა. მაგრამ მე ვიცავ თითოეულ ამ გადაწყვეტილებას, როგორც ვოლტერის სიტყვების დროულ გამოხატვას – „არ ვეთანხმები თქვენს სიტყვებს, მაგრამ სიკვდილამდე ვიბრძოლებ მათ დასაცავად“.

მაგრამ იმ გარკვეული ჩარევების გათვალისწინებით, რასაც მე ვიღებ, მსურს, მკაფიოდ ვთქვა – მაშინ, როცა წარმოვადგენ პატარა ქვეყანას, ვფიქრობ, ამ საკითხში პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება თანაბრად უნდა იყოს დაცული როგორც პატარა, ასევე დიდი ქვეყნისთვის, რადგან შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, იქნება ეს გარედან თუ შიგნიდან. ასევე მინდა მივმართო ზოგიერთს სამთავრობო წრეებიდან, რომ არ არის საჭირო ჩემ მიმართ მუქარის მცდელობა, რადგან მე გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის აქტიურად ვმუშაობს საქართველოს ევროოინტეგრაციისთვის და „რომ ყველა გადაწყვეტილებას ექნება თავისი დრო და ადგილი. მე თავს არ დავზოგავ, რომ დავრწმუნდეთ, საქართველო დგას იქ, სადაც მისი ადგილია”.