მიხაილ როთი: ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირმა ის არ უნდა აღიაროს. როთი X-ზე წერს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ასეა დარწმუნებული თავის „პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

„თუ საქართველოში მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის „პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები“, – წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს მოწოდებები დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ.