გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც.
ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები – გიორგი ბუტიკაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი – სალომე სამადაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი – გიორგი ვაშაძე.
როთმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
„ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა მინდა, ცხადვყო: ეს არ არის მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის შიდა დავა. ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის და სწორედ ამიტომ, როგორც ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, მთელი ევროპიდან, ვალდებული ვართ, ავიმაღლოთ ხმა, თუ დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ჩემი გზავნილი მმართველი პარტიის მიმართ ძალიან მკაფიოა, ერთადერთი შანსი ამ ვითარების დასაძლევად, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა დავიბრუნოთ ნდობა“, – თქვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მიხაილ როთმა.
გიორგი ბუტიკაშვილმა „მთავართან“ თქვა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს გუშინ აქციაზე მომხდარ ძალადობაზე და დაკავებებზე. მისი თქმით, მიიღეს გარანტიები, რომ ევროკავშირი სანქციებს გაამკაცრებს.
„ევროკავშირს ზოგადად უჭირს ერთიან ჩარჩოზე ჩამოყალიბება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისას, ეს არის განსხვავება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის, ჩვენ ვნახეთ, რომ ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა დაიწყეს მსჯელობა ერთობლივ სანქციებზე და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად დაიძრას ადგილიდან“, – თქვა „მთავარ არხთან“ სალომე სამადაშვილმა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვიზიტი ქართველი ხალხის და მათი პროტესტის უპირობო მხარდაჭერაა. მისივე შეფასებით, გერმანია სანქციების დაწესებით, საქართველოს გამო ახალ პრეცედენტებს ქმნის, რადგან ეს საკითხი ბრიუსელში შეთანხმებული არ იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ იქნება გერმანიის აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მას აქვს ძალიან დიდი, ფართო სანაცნობო წრე და სამეგობრო გერმანიის პოლიტიკურ წრეებში და ის აპირებს დარჩეს ისევ აქტიურად ჩართული ქართულ პოლიტიკურ საკითხებში. ის აპირებს, რომ ეს ასე გააგრძელოს, გვითხრა, რომ კომუნიკაციას შეინარჩუნებს ჩვენთან და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაცაში შეიძლება დაგვეხმაროს, ნებისმიერ დროს იქნება კავშირზე ჩვენთან“, – თქვა „მთავართან“ ზურაბ ჯაფარიძემ.
31 დეკემბერს აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს გერმანიამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა. რამდენიმე დღის წინ მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩამოდიოდა საქართველოში. მას საპარლამენტო მანდატი ეწურება.