Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს. მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნებოდა. „აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, არა მდივანი“, – უთხრა სააკაშვილმა Deutsche Welle-ს უკრაინულ სამსახურს, თუმცა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დანიშვნის შესაძლო თარიღი არ დაუკონკრეტებია.
რეფორმების ეროვნული საბჭო უკრაინაში 2014 წელს შეიქმნა, მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით. „ეს არის სპეციალური მრჩეველთა ორგანო, რომელიც ეხმარება პრეზიდენტს სტრატეგიულ დაგეგმვასა და პოზიციათა კოორდინაციაში, რეფორმებისა და მათი იმპლემენტაციის პროცესში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის გასატარებლად“, – ციტირებს Deutsche Welle მრჩეველთა საბჭოს ვებგვერდს.