პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი სააკაშვილის დაკავების ღონისძიება, ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან სქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთ დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მინდა მადლობა დაგავუხადო შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული.
მინდა ასევე ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და ჩვენ მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი: რომ ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ჩვენ მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს. დაბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1 ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ჩვენი გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, დილის 9 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც არაა საქართველოში ჩაწერილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.