მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს საზღვრის კვეთის საქმეზეც

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 17 მარტს, დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე.

„მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 12 მარტის განაჩენით თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით […] და საბოლოო განაჩენის ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილს უკვე ორ საქმეზე აქვს პატიმრობა მისჯილი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე 6 წლით, ხოლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე – 9 წლით.

მოსამართლე ჯინჯოლიამ ისარგებლა სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერით, რომლის მიხედვით, „დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა­ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა­ც­რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება.

ამ წესით დაინიშნება სას­ჯე­ლი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუ­ძ­ღ­ვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაი­დინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირ­ველი გა­ნა­ჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.“

ის 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და მისი პატიმრობის ვადის ათვლა სწორედ ამ დღიდან იწყება.

სასამართლო განაგრძობს 7 ნოემბრის საქმის განხილვას.