მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს.

კლინიკაში გამოკვლევებზე გადაყვანა მას იუსტიციის მინისტრმა 10 მაისს შესთავაზა და განაცხადა, რომ კლინიკაში სააკაშვილს ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.

შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილი გარკვეული პირობებით დათანხმდა. სააკაშვილი სამინისტროს შეთავაზების საპასუხოდ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და „შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან“ თანახმაა კლინიკა „ვივამედში“ გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის, თუმცა გარკვეული პირობებით.

ის ითხოვდა მისი ექიმის, დედის და პარლამენტარების „მუდმივი დაშვებას“ კლინიკაში.

სამინისტრომ 11 მაისს მორიგი განცხადება გამოაქვეყნა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე, სადაც ვკითხულობთ, რომ კლინიკაში მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დამხმარე ადამიანი სჭირდება.

„არსებობს ასეთი ტერმინი – თავმდგომი და ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილი დედაზე უკეთესს სხვას ვერ მიიჩნევს.” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.