მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს“ გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ მან განცხადება სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, მიესალმება თუ ორი პოლიტიკური სუბიექტი „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანდებიან.

მისივე თქმით, ყველანაირი ახალი კავშირისთვის მზად არიან. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ  საჭიროა პარტიების მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება.

„ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით არის. ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. ვიცით, რა შეცდომები დავუშვით და ამის გამოსწორებასაც ვაპირებთ, მაგრამ იმდენი მიღწევა გვაქვს, ამას ვერავინ გადაფარავს.

ჩვენ ყოველთვის მოქნილები ვიყავით ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა მთავარია, ძალიან სწრაფად ვიმოძრაოთ გამარჯვებისკენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე კატასტროფულად დამაზიანებელია. ჩვენ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას გვართმევენ”, – განაცხადა სააკაშვილმა.