მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს წერილით მიმართავს

პუბლიკა

საერთაშორისო მედია ავრცელებს წერილს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონის მისწერა.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პუტინის მოსისხლე მტერი, რომელსაც თბილისში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საფრანგეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს: „მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი თავისუფლებისთვის და რეფორმებისთვის საქართველოსა და უკრაინაში და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.

პუტინი მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ მთავარ მტრად. ის საჯაროდ დამპირდა მოკვლას (…) ციხეში მომწამლეს. ვკვდები, ბევრი დრო არ დამრჩა“ – სააკაშვილმა გაურკვეველი ხელნაწერი წერილი, რომელიც იწყებოდა აბრევიატურით SOS, „LE MONDE-ის“ თბილისელ კორესპონდენტს გაუგზავნა“, – აღნიშნავს მედია.

9 დეკემბერს ფრანგმა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა დაწერა, რომ ევროპარლამენტში სააკაშვილის ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მობილიზება იგეგმება.

„კაცს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარებზე დააკაკუნა, დღეს გისოსებს მიღმა სიკვდილი ემუქრება. ის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალია. ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, რომლებმაც მიშას თმა და ფრჩხილები გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ ის დარიშხანითა და ვერცხლისწყლით მოწამლეს – დღეს მისი სიცოცხლე ძაფზე კიდია. და ეს საფრთხე მიდის ევროპამდე. ჩვენს ლიდერებს მისი გადარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს გარეგნულად შეინარჩუნოს წონასწორული (ვიტყოდი, პათეტიკური) პოზიცია ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვერ გაუძლებს ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, ვინაიდან ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ასევე, ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ფრანგული პასპორტი აქვს. თუმცა, ამისთვის ან არაფერი, ან ძალიან ცოტა კეთდება. ჩვენი ლიდერები, რომლებმაც „გაიგეს, ისწავლეს და შეიცვალნენ“, კვლავ ჩუმად არიან. როგორც წარსულში – როგორც ყოველთვის.“, – დაწერა მან.

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ბრიუსელში გაემგზავრა და ევროპარლამენტში შეხვედრების გამართვას გეგმავს.