მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი. ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!“, – აცხადებს სააკაშვილი.

გუშინ, 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია სულავამ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილის შესახებ ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდა მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯზე 2013 წელს და შემდგომაც.

დღეს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო გრიფით გამოცემულ მასალებზე და, შესაბამისად, ვერ განახორციელებდა მის გასაიდუმლოებას.