მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ ომბუდსმენის კონსილიუმმა მოინახულა

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპატიმრო სასჯელს იხდის და კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, ომბუდსმენის სამედიცინო კონსილიუმმა მოინახულა.

კონსილიუმის წევრმა ექიმმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ მედიას განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, დაკლებული აქვს წონაში, მისი წამოდგომა და გადაადგილება დაცემის რისკის შემცველია, სულ დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა კი მისთვის ასევე სახიფათოა.

„წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია“, – აღნიშნა მან.

თენგიზ წულაძის თქმით, „ვივამედის“ კლინიკაც იმ აზრზეა, რომ სააკაშვილის მკურნალობა იქ აღარ უნდა გაგრძელდეს, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ისინი სააკაშვილის სხვა ქართულ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, თავად წულაძე კი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ უნდა უმკუნალონ.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე საუბრობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია.

მისი აზრით, უმჯობესია, სააკაშვილის მკურნალობა გაგრძელდეს იქ, სადაც ის პატიმრობის სტრესისგან თავისუფალი იქნება.

„10 თვის მკურნალობის შედეგად, დღეს სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე [შარშან] მაისში, როცა ის შემოვიდა ამ კლინიკაში“, – აღნიშნა მან.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გვანცა ჩხაიძე ამბობს, რომ ექიმები პოზიციებს შეაჯერებენ და საერთო დასკვნას მოამზადებენ.

რაც შეეხება „ვივამედის“ პოზიციას, კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის სქემასა და მისი მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ექიმებს შორის არ ყოფილა. ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაში განსაკუთრებული ცვლილება არ არის.

„განსაკუთრებული ცვლილებები არ ყოფილა. არც ნევროლოგიური, არც სხვა ფიზიოლოგიური მაჩვენებლები არ შეცვლილა. ტემპერატურული რეაქცია აქვს პერიოდულად. წონის საკითხზე ოჯახის წევრები სხვას აცხადებენ, რეალობა სხვა არის და ამ წონაზე საუბარი ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.