მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით უკრაინის ელჩთან შეხვედრა შედგა - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

„ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს. აღსანიშნავია რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცახდებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„დღეს მიწვეული ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკითხი ძალიან სერიოზულია. მე ვაცნობებ ოფიციალურ კიევს ჩვენი საუბრის შესახებ. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ჩვენი ურთიერთობის წინაშე არსებული გამოწვევა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს. უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან”, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.