მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პენიტენციურმა მორიგი ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ექიმმა-რეანიმატოლოგმა, სანდრო მათეშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.

მათეშვილმა განაცხადა, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

მისივე თქმით, გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი. მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო პალატის შესწავლა, ასევე, წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები.

მათეშვილის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღენიშნებოდა ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები.

„გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და, შესაბამისად, ყველა ლაბორატორიული მონაცემი გაუმჯობესდა, მათ შორის, კალიუმის დონეც, რომელიც მიუახლოვდა ნორმას.

დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. აქვე დავძენთ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები როგორიც არის პულსი , წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ და დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“

მისივე განმარტებით,  მე-18 დაწესებულებაში მუდმივად მიმდინარეობს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია.

„სხვადასხვა პერიოდში, მაგალითად 2019 წლიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაფიქსირდა, დღეის მდგომარეობით, 2237 ფაქტი. ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე, ხოლო ნაწილი, რომელსაც დაუფიქსირდა შიმშილობის შემდგომი ეფექტები, საჭიროდ მიიჩნიეს და გადმოიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სადაც გაიარეს შემდგომი რეაბილიტაცია. მე-18 დაწესეულებას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვისა და მათი შემდგომი რეაბილიტაციის“, – განაცხადა მან.