მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით მიემართებიან

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან.

ისინი ციხესთან აქციის გამართვას გეგმავენ და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

აქციას ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ასევე პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ.

ყოფილი პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით, ეს პირველი შეკრებაა და იგეგმება გაგრძელება.

„სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს ძირითადი ფუნდამენტალური უფლების, სიცოცხლის დამცველი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სხვა რამეს. გვაქვს სახალხო დამცველის კვალიფიციური ექიმების დასკვნა მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მნახველებისგან, რომლებიც მასთან შედიან, გვაქვს ინფორმაცია, მდგომარეობა სავალალოა.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ, გავაგებინოთ ყველას მისი რეალური ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამიტომაც შევიკრიბეთ, დღეს არის პირველი შეკრება და გავაგრძელებთ”, – ამბობენ სააკაშილის ოჯახის წევრები.