მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდში, ელგუჯა ცომაიას გარდა, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს. პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დაკავებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„მოგახსენებთ, რომ დანაშაულის დაფარვაზე დაკავებულია კიდევ ორი პირი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გახდება ცნობილი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი საგამოძიებო უწყებისთვის დეტალურად არის ცნობილი, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს 344-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება“, – განაცხადა პროკურორმა.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.