პარტია „ხალხისთვის“ განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განსახილველად, იმისთვის, რომ მას მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, უნდა შეიქმნას სპეციალური პალატა – სასამართლოს პირველ და საკასაციო ინსტანციებზე, რომელშიც გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები, ბოსნია ჰერცეგოვინას გამოცდილების გათვალისწინებით მიიღებენ.
როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საკითხში უნდა დაბალანსდეს სამართლიანობის აღდგენის ინტერესი.
„მიუხედავად იმისა, რომ მივიჩნევთ, სააკაშვილის როლსა და მაშინდელ სისტემასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს აქვს ლეგიტიმური უფლება და უნდა გაეცეს პასუხები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მე თავად მაქვს ბევრი ნაბრძოლი იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, რომლებიც ხელყო მაშინდელმა ხელისუფლებამ. მათ შორის უშუალოდ ვიბრძოდი გირგვლიანის ოჯახთან ერთად.
მაგრამ, ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ დავკარგოთ სასამართლოს იდეის ქონის პერსპექტივა და დავემშვიდობოთ იდეას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულს, აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. აქედან გამომდინარე, უნდა დავაბალანსოთ სააკაშვილის საკითხში სამართლიანობის აღდგენის ინტერესი. მისი, როგორც ბრალდებულის, სამართლიანი სასამართლოს უფლების ინტერესიდან ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს, როგორ უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, იურისტ ნინო წულაძის განმარტებით, უნდა შეიქმნა სპეციალური პალატა, რომლის შექმნის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.