მიხეილ სააკაშვილის ვიდეო საქართველოში ჩაწერილი არ არის | კობახიძე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე პარტიის ოფისში პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან. მან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და გავრცელებული ვიდეო ბათუმში არაა ჩაწერილი.

„რაც შეეხება სააკაშვილს, პირველი, სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კიდევ ერთხელ. მესამე, ნეტავ, ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში, სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია, თამამად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ვიდეო ყალბია.

„რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა deepfake-ის ტექნოლოგია, მაგრამ უფრო მარტივი ტექნოლოგია აღმოჩნდა. მარტივად არის გადაღებული. ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და გეტყვიან პასუხს მალე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ საქართველოშია. ასევე გაავრცელა ორი ვიდეო და ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოულახავს.