მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა - საძაგლიშვილი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პროტესტის ის ფორმა, რომელსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა, როდესაც განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტდა, ამოწურულია, რადგან, მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია და მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეზღუდვები გაუქმდა.

„ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია და მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები გაუქმდა, ეს პროტესტის ფორმაც არის ამოწურული“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და განუცხადეს, რომ მას დაუწესდებოდა შეზღუდვები, რასაც მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის პროტესტი და უარი მკურნალობაზე.

„ხაზგასმით მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს. მათთან დაკავშირებით ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მაშინ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, როდესაც ეს ადამიანები არ იმყოფებოდნენ ფიზიკურად იქ და განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობა. ანუ, არ ექნებოდა შესაძლებლობა ესარგებლა ტელევიზორით“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს დაატოვებინა პალატა, ამის გამო ვერ დატოვეს დოკუმენტი.

საძაგლიშვილის თქმით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროტესტის შემდეგ, მას სიგნალი აღუდგა.


გუშინ, მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები გამოიყენა – მასთან შეზღუდეს მნახველების შესვლა და ასევე შეუზღუდეს ტელევიზორით სარგებლობა. ამის გამო სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობაზე და მოითხოვა აღნიშნული ზომების გაუქმება.