მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მესამე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

„პირველ რიგში მინდა, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს და საქართველოს საზოგადოებას. მე მინდა, დაგისვათ კითხვა. რამდენიმე დღე თავისუფლად ვიარე საქართველოში და ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მქონდა. მე ვნახე, რომ ხალხი დაღვრემილია, მოღუშულია. ხალხი, ფაქტობრივად, არ იღიმება. მე მინდა გითხრათ თქვენ და გკითხოთ – არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, ტემპი განვითარების, არ მოგენატრეთ სიახლე და აღმშენებლობა.

არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი და თუ მოგენატრათ, ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელსაც ესწრება პრეზიდენტი უკრაინის და ესწრება ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს.

მე უკრაინაში მნიშვნელოვანი პოზიცია მეკავა, ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე, პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასოდეს ვყოფილვარ ისე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე.

უარი ვთქვი, დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ, ჯერ ერთი, შეიძლებოდა გზაში ან ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოყვანის შანსი მინიმალურია, როგორც ვნახეთ. ბევრი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველაფერი ეს გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი დაბალია“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა უკრაინელებს მიმართა უკრაინულად, რაც გააპროტესტა პროკურორმა.

„მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლისგან, რომელიც მასწავლიდა შალვა ამონაშვილის ყველაზე ნოვატორული სისტემით და ასევე, კლარა ჩხაიძისგან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან. საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი სიცოცხლის ბოლო დღეებში იყო ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის. მისი გარდაცვალების ამბავი გონების დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე შევიტყვე. გელა, ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მის სიცოცხლეში ყველაზე საუკეთესო მოსწავლე და ვერ მომეცა საშუალება რომ მენახა ის და მეთქვა, რომ ის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელი იყო.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.