მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში ჩავა - დაგეგმილია პრეზიდენტ ვუჩიჩთან შეხვედრა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცოლთან და დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩავა. ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი „სერბეთის სასახლეში” უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთში ლევან ბერიძე და ყაველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.