მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, „სერბეთის სასახლეში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის ფასეულია სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ და ვუჩიჩი საქართველოში მოიწვია.

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთში ლევან ბერიძე და ყაველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.