„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა მედიის შემზღუდავ კანონებსა და „ფარას ქართულ თარგმანს“. გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის ჩამატებაზე.
კანონები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები და სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებაზე ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო „ოცნების“ FARA ძალაში გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს შევა.
ეს კანონები სხვა ცვლილებებთან ერთად პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
მაუწყებლობის შესახებ კანონში ორი ცვლილებით მაუწყებლების დაფინანსებისა და მუშაობის სტანდარტები დარეგულირდება. დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ. ბრიტანულ მოდელს.