მიხეილ ყაველაშვილმა პირველი მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, ილჰამ ალიევისგან მიიღო.
ალიევის წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხის ნებიდან, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს.
მოხარული ვართ, რომ ამგვარ მყარ საფუძვლებზე აგებული და ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დღეს ყოვლისმომცველად და წარმატებით ვითარდება.
მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. რათა უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერია ილჰამ ალიევის წერილში.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში 09:00 საათზე დაიწყო. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.